პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 ახალი წევრი ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. ისინი მომავალი 4 წლის განმავლობაში იქნებიან საბჭოს შემადგენლობაში. ექვსივე მათგანი მოქმედი პროკურორია.
„ჩემი ძირითადი ფუნქცია, რომელიც ამ ეტაპისთვის მესახება საპროკურორო საბჭოში - გარდა იმ საკითხებისა, რაც ბუნებრივია არის საპროკურორო საბჭოს კომპეტენცია - ეს არის მაქსიმალური ზრუნვა პროკურატურის თანამშრომელთა საქმიანობის და შრომითი გარემოს გაუმჯობესებაზე შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული რეგლამენტებისა თუ სხვა მსგავსი შინაარსის დოკუმენტების დახვეწაზე ზრუნვა, ასევე ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებული არის პროკურორთა განვითარებისათვის,“ - განაცხადა საპროკურორო საბჭოს წევრმა ამირან გულუაშვილმა.
„ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო არის საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა მხრიდან ამგვარი მხარდაჭერა. რაც შეეხება ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალებას და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამ ორი მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და მუშაობას,“ - აცხადებს საპროკურორო საბჭოს წევრი ირაკლი გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ სწორედ საპროკურორო საბჭოა ის ორგანო, რომელიც გენერალური პროკურორობის კანდიდატებს არჩევს. თუკი შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, ახალი პროკურორობის კანდიდატების შერჩევა სწორედ საბჭოს ახალ შემადგენლობას მოუწევს.